• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
17 ივლისი 2017

აკრედიტაცია მრავალეროვნული სწავლებისთვის „ღირსეული პარტნიორი 2017“

30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ (Noble Partner 2017) ჩატარდება. სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 30 ივლისს გაიხსნება. 

„ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატოს პარტნიორი ქვეყნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდასა და NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.   

ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვება. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „სტრაიკერი“, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი. 

„ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში დაგეგმილია 5 მედიადღე:

30 ივლისი - სწავლების გახსნის ცერემონიალი;

7 აგვისტო - მექანიზებული ასეულის საბრძოლო სროლები;

9 აგვისტო - მსუბუქი ქვეითი ასეულის დონის სწავლება საბრძოლო სროლებით;

10 აგვისტო - აშშ-საქართველოს საინჟინრო ქვედანაყოფების ერთობლივი სწავლება;

12 აგვისტო - სწავლების დახურვა საჩვენებელი წვრთნით. 

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ აღნიშნული ღონისძიება, აკრედიტაცია უნდა გაიარონ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 17-დან 28 ივლისის ჩათვლით 13:00 საათამდე.  ერთჯერადი სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა თითოეული ღონისძიების დაწყების წინ.

დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად ელ-ფოსტაზე pr@mod.gov.ge -ზე უნდა გამოგზავნონ შემდეგი მონაცემები:

სახელი, გვარი           

მედიასაშუალების დასახელება 

პოზიცია  

ტელეფონის ნომერი 

პირადი ნომერი 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: თეო კერძევაძე 577 19 00 96; ირაკლი გურგენიძე 577 19 88 66; გიორგი კაჭარავა 577 39 39 13 

 

Print