• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
6 დეკემბერი 2016

ლევან იზორიას და მაიკლ კარპენტერის ერთობლივი ბრიფინგი

მაიკლ კარპენტერი: „ვამაყობთ ქართველ სამხედროებთან პარტნიორობით. ფასდაუდებელია საქართველოს კონტრიბუცია“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრის და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ორმხრივი შეხვედრისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ლევან იზორიამ და მაიკლ კარპენტერმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშორმლობის მნიშვნელობასა და ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატებზე ისაუბრეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ლევან იზორიამ და მაიკლ კარპენტერმა ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც დღეს ორმხრივი შეხვედრისას გაფორმდა.

„მაიკლ კარპენტერის ვიზიტი იმ სტრატეგიული თანამშრომლობის დასტურია, რაც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია. დღეს ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სფეროში ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებს ითვალისწინებს. პირველი - კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სწავლებებითა და  შეიარაღებული ძალების წვრთნებით.  ასევე, გავაძლიერებთ თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. ასევე ვგეგმავთ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შევქმნათ სასწავლო საბრძოლო ცენტრი. ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა სწორედ ამ ცენტრის შექმნის საფუძველზე უფრო მაღალ დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ის პრიორიტეტები და ღონისძიებები, რაც განვსაზღვრეთ წარმატებით განხორციელდება. ჩვენ თანამშრომლობას მომავალში უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს  აქ ვიმყოფები და საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამწლიან ჩარჩო ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი, რომელიც კონკრეტული ქმედებებით შემოიფარგლება და იმ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც სახელმწიფო მდივან კერისა და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ ივლისში გაფორმდა. თავდაცვის მინისტრმა ერთიანი საწვრთნელი ცენტრის განვითარება ახსენა. ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს ამ მიმართულებით ქართულ მხარეს დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს. ჩვენი მიზანია სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი სწავლებებისა და წვრთნების ჩატარება, რაც ეფუძვნება უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს და რომელიც ვარშავის სამიტზე კიდევ უფრო გაფართოვდა და ინტენსიური გახდა. ამერიკის შეერთებული შტატები არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნატოს კონტექსტში მონაწილეობს, მაგრამ აშშ საქართველოსთან ორმხრივ ფორმატშიც თანამშრომლობს. ჩვენ მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ქართველი კოლეგების დასახმარებლად. ჩვენ ქართულ მხარეს დახმარებას გავუწევთ არა მხოლოდ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის ქართველი სამხედროების გაწვრთნაში, არამედ კიდევ უფრო მეტ სწავლებებს დავგეგმავთ საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ეს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელოვანი ელემენტია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველო ერაყსა და ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სანდო პარტნიორია. ვამაყობთ ქართველ სამხედროებთან პარტნიორობით. ფასდაუდებელია საქართველოს კონტრიბუცია,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა.

საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს. მაიკლ კარპენტერის თქმით, აშშ-ის კონგრესმა თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი მიიღო, რომელიც 2017 ფისკალურ წელს თავდაცვის ბიუჯეტის ავტორიზაციას უზრუნველყოფს. აშშ კი საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით გაუწევს დახმარებას, რაც ძირითადად კიდევ უფრო მეტ ერთობლივ სწავლებებსა და წვრთნებს გულისხმობს. 

Print