• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
6 ივლისი 2016

თინათინ ხიდაშელი: „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს და აშშ-ს ჰქონიათ“

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონიათ“,- ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველო-აშშ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელსაც ხელი დღეს, ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტის დროს მოეწერა.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველომ  25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში პირველად  მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც  საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის საქმეში ამერიკული მხარის დახმარებას ითვალისწინებს.

 „საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების აქცენტი წლების განმავლობაში დაკავშირებული იყო საერთაშორისო მისიებთან და მიბმული იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებთან. დღეს დამატებით მივიღეთ შეთანხმება, რომლის ამოცანა ქართული სახელმწიფოს მიერ საკუთარი ტერიტორიული თავდაცვის მიზნების განხორციელებაში ამერიკული მხარის ფუნდამენტური და  მნიშვნელოვანი დახმარების მიღებაა. ეს არის ამ მემორანდუმის ყველაზე მთავარი გზავნილი“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ საქართველო-აშშ-ის შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობა სამი მთავარი მიმართულებით განხორციელდება. მოქმედების კონკრეტული გეგმა კი, ივლისის შუა რიცხვებში დაგეგმილი შეხვედრების დროს გაიწერება.

„2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოზე ერთგვარი ემბარგო იყო დაწესებული იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბატონმა სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანა შეთანხმების შემდეგ. მეორე, ეს არის ტექნიკური პროცედურის მომზადება, რაც ასევე დიდი ხანია არ ყოფილა, ბუნებრივია, საუბარია სამხედრო სფეროზე; მესამეა სპეციალური პროგრამები, რომლებიც, სწორედ, ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის მიზნით დაიგეგმება ამერიკულ მხარესთან. შემდეგი შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებში გვაქვს ჩანიშნული. ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სხდომა ვაშინგტონში 20 ივლისს იგეგმება, მანამდე კი ორმხრივი დიალოგი გვაქვს, რომლის დროსაც კონკრეტული გეგმა გაიწერება. 2016 წლის ბოლომდე ჩვენ დავიწყებთ მემორანდუმის რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას... ამ მემორანდუმით ამერიკელები ჩვენთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას, დაგვეხმარონ, ექსკლუზიურად, ჩვენი ამოცანების, ჩვენი შიდა პრობლემების, შიდა საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვასა და შეიარაღებაში“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აშშ საქართველოს დახმარებას ჰაერშიც, წყალზეც და მიწაზეც გაუწევს.

Print