• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
14 ნოემბერი 2017

DIB-ის ორგანიზებით პირველი დისტანციური სწავლების ეროვნული კონფერენცია გაიმართა

დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პირველი დისტანციური სწავლების ეროვნული კონფერენცია გაიმართა. ფორუმი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება დისტანციური სწავლების, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და თავდაცვის უწყებაში, ასევე ეროვნული მასშტაბით, დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარების საქმეში პარტნიორების მხარდაჭერაზეც ისაუბრა.

 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა, ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების ხელმძღვანელმა ჰანს პედერ მოგენსენმა და აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა აარონ პრესნალმა მიმართეს. 

კონფერენცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) ორგანიზებით, ასევე ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება მიზნად დისტანციური სწავლების სფეროში მოღვაწე ექსპერტების გამოცდილების გაზიარებასა და დარგის განვითარებისათვის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას ისახავდა.


ერთდღიანი კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლებმა ონლაინ კურსების, ტრენინგების, ვიდეოლექციების ჩატარების სხვადასხვა მეთოდოლოგიისა და ვირტუალური კლასების შესახებ ისაუბრეს. განხილულ თემებს შორის იყო შერეული და მობილური სწავლება, დისტანციური მართვის სხვადასხვა სისტემა, ასევე სასწავლო ციკლში ონლაინ სწავლების ინტეგრირების საკითხები. მონაწილეობა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა, განათლების მეცნიერებათა, დისტანციური სწავლებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, ასევე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და სახელმწიფო უწყებების სასწავლო ცენტრების წარმომადგენლებმა მიიღეს.

Print