Slideshow Image 1 Slideshow Image 2 Slideshow Image 3 Slideshow Image 3 Slideshow Image 3
სამშვიდობო მისია

საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის მისიაში

საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშვიდობო მისიებში (ბალკანეთი, სპარსეთის ყურე, ავღანეთი) აქტიურ მონაწილეობას 1999 წლიდან იღებს. ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად პირველად ქართული კონტინგენტი 2004 წელს გაიგზავნა.

ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაძლიერებული ქვეითთა ოცეული (50 სამხედრო მოსამსახურე) 2004 წელს გაიგზავნა. ოცეული მისიას გერმანული კონტიგენტის შემადგენლობაში ასრულებდა. მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

გჰორის პროვინციის ქ. ჩაგჩარანში, ლიტვის რესპუბლიკის პროვინციული რეკონტრუქციის ჯგუფის შემადგენლობაში მისიას ქართველი ექიმი 2007 წლის ნოემბერიდან ასრულებს, რომელიც როტაციის წესით 6 თვეში ერთხელ იცვლება.  

2009 წლის ნოემბერიდან 2012 წლის იანვრამდე ქ. ქაბულში, რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე “ვორჰაუზ”-ის ბაზაზე ქართული სამშვიდობო ასეული მისიას ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებდა. 2012 წლის იანვრიდან კი ქვეითთა ასეული გაძლიერებულმა ქვეითთა ოცეულმა (50 სამხედრო მოსამსახურე) ჩაანაცვლა. 2013 წლის მაისიდან ოცეული ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარებაში გადავიდა.  თითოეულმა ოცეულმა სამშვიდობო ოპერაციის მოსამზადებელი წვრთნები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ნატო-ს სტანდარტების სრული დაცვით გაიარა. წვრთნების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალები ამბოხებულთა საწინააღმდეგო ოპერაციებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ.
2010 წლის იანვარში, ქაბულში მდებარე რეგიონალური სარდლობის ცენტრში, თურქული კონტიგენტის შტაბბინაში, მისიის შესასრულებლად 2 სამეკავშირეო ოფიცერი გაიგზავნა.  

ყანდაღარის პროვინციაში კი ქართველი სამხედრო ინსტრუქტორები (არტილერისტები) სამშვიდობო მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში 2011 წლიდან აპრილიდან 2012 წლის აპრილამდე ასრულებდნენ.

2010 წლის აპრილიდან, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაიგზავნა, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. 31-ე ბატალიონი მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა 2010 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში როტაციის წესით ჩაანაცვლა.

2011 წლის აპრილიდან კი სამშვიდობო მისიას ჰელმანდის პროვინციაში 33-ე ბატალიონი ასრულებდა. 6 თვის შემდეგ, 2011 წლის ნოემბერში, მესამე ქვეითი ბრიგადის 31- ე მსუბუქი ბატალიონის 749 სამხედრო მოსამსახურემ 33-ე ბატალიონი ეტაპობრივად ჩაანაცვლა.

2012 წლის აპრილში, როტაციის წესით, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი  მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა, რომელიც სამშვიდობო მისიის შესრულებას ჰელმანდის პროვინციაში, კვლავ ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში აგრძელებდა.

2012 წლის  ოქტომბერში ავღანეთში დამატებით კიდევ ერთი ბატალიონი გაიგზავნა. შესაბამისად, ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ 1600-ს მიაღწია. მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ჩაანაცვლა. მე-12 ბატალიონთან ერთად კი ავღანეთში მისიის შესასრულებლად უკვე მეორედ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონიც გაემგზავრა.

6 თვის შემდეგ მათი ჩანაცვლება III ქვეითი ბრიგადის 33-ე და IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონების მიერ მოხდა. 33-ე და 42-ე ბატალიონები სრულად დაბრუნდნენ საქართველოში. მისიის შესრულებას კი ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 31-ე და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონები აგრძელებენ. 31-ე ბატალიონი ავღანეთში საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას მესამედ იღებს.

ქართველი სამხედროების ამოცანას ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენს.

სამშვიდობო მისიისათვის ქართველი სამხედროები ექვსი თვის განმავლობაში ინტენსიურ მომზადებას გადიან. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების  ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობს. ქართული კონტინგენტი ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებას გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში ერთი თვის განმავლობაში გადის, სადაც  ბატალიონის მომზადების დონის შეფასება ხდება.

ქართველი სამხედროების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს საერთაშორისო ძალების წარმომადგენლებისგან.

© 2013 წელი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო