თავდაცვის მინისტრი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს გაეცნო
2013-10-11 14:47:54

ქართულ შეიარაღებულ ძალებში ბაზებზე სამშენებლო პროექტები ინტენსიურად ხორციელდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების მონახულებას განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანია სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ორ ბაზაზე იმყოფებოდა. მინისტრი სამხედრო ნაწილებში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნო.

პირველი ობიექტი, სადაც დღეს თავდაცვის მინისტრი მივიდა, ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი  ბატალიონი იყო. ამ დროისთვის ადგილზე  ყაზარმების და სამედიცინო პუნქტის რემონტი მიმდინარეობს. დაგეგმილია ახალი საქვაბის აშენება.

აჭარის რეგიონის შემდეგ თავდაცვის მინისტრი სამეგრელოში ჩავიდა. ირაკლი ალასანიას II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალები მშენებლებმა გააცნეს. სამხედრო ნაწილში რკინა-ბეტონის წყალშემკრები ავზის, ბატალიონების შტაბებისა და ყაზარმების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ვამოწმებთ დასავლეთ ოპერატიული სარდლობის, როგორც საბრძოლო მომზადების დონეს, ასევე ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროცესს. მიმდინარეობს მშენებლობა, იქმნება ინფრასტრუქტურა.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მინისტრის თქმით, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების შემოწმების პროცესი ხვალ დასრულდება და სამშენებლო-სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი დასკვნებიც გაკეთდება.

საქართველოს მასშტაბით შეიარაღებული ძალების ობიექტებზე მასიური ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი ხორციელდება. მშენებლობას თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ.

© 2013 წელი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო